26 სექტემბერი 2026,   20:15
ვრცლად
უკვე პრინციპულია გაირკვეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობას", დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრინციპულად აუცილებელია გაირკვეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და ეკა გიგაურს, რათა საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის რეალური ავტორი გამოვლინდეს.

მისივე თქმით, ეკა გიგაური პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს:

"უნდა გაირკვეს, ვინ არის დამფინანსებელი. იცით, ამას მალავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა". ვიცით, ესტონეთში არიან დარეგისტრირებული და ესტონეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან. არ ვიცი, ესტონეთი აფინანსებს თუ რომელი სახელმწიფო, მაგრამ მგონია, ახლა უკვე პრინციპულია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ამ ჯგუფს. დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ, დაიხსნან პატიმრობიდან. უკვე ხუთი წელია ცდილობენ, როგორც თავისი აგენტი დაიხსნან პატიმრობიდან სხვადასხვა მანქანებით, მათ შორის გახსოვთ, პოლონეთის მთავრობამ ექიმიც კი შეაპარა სპეცდავალებით მიხეილ სააკაშვილთან, წინდით უნდა გამოეტანა რაღაცები და  დააკავეს. სირცხვილში ჩავარდა მთლიანად პოლონეთის მთავრობა, რომ ასეთი რამე იკადრეს. 

ვნახეთ ევროკავშირის ყალბი დემარში იუსტიციის მინისტრთან. როდესაც იუსტიციის მინისტრზე პირდაპირ იყო ზეწოლა, რომ სააკაშვილი კვდებოდა და ეს იყო დღეების ამბავი. თითქოს რამდენიმე დღეში მოკვდებოდა თუ არ გადავცემდით მათ, ევროკავშირის წარმომადგენლებს. და თუ მოკვდებოდა, საქართველო საერთოდ გახდებოდა კეთროვანივით ყველასთვის. ვნახეთ, რომ არა თუ რამე დაემართა, შვილი ეყოლა, ძალიან ჯანსაღადაც გამოყურება, სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალყურს.
ამის მკადრებელ ხალხთან გვაქვს საქმე. ესეც ამ კამპანიის ნაწილია, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი დაიხსნან ციხიდან. ეს დავალება აქვს ეხლა მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას. ახლა მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები