აფხაზეთი ჯერ საკუთარი თვალით არ უნახავთ, თუმცა დარწმუნებულები, რომ ოცნება საქართველოს გაერთიანებაზე რეალობად მალე იქცევა - მანამდე კი, სკოლის მოსწავლეები პატივს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ. გმირთა მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. მთავრობის მეთაურმა აქცენტი ხელისუფლების პოლიტიკაზე გააკეთა, რომელიც მიზნად აფხაზ და ოს ძმებთან ქართველების შერიგებასა და ურთიერთობის აღდგენას ითვალისწინებს.
შერიგების პოლიტიკაზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით კი, სწორედ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გმირთა მემორიალთან დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთის ომი გაიხსენეს დღეს ვეტერანებმა, რომლებიც გმირთა მოედანზე დილიდან მივიდნენ. მემორიალი გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა.
გმირებს პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.
აფხაზეთის ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 000-ზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.