27 სექტემბერი 2026,   02:31
ვრცლად
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გიგაურის უწყება გააკრიტიკა, ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა - მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ გიგაურის შეცვლილი პოზიცია უცხოური დავალების შედეგია

სისხლის სამართლის 6 საქმეში ბრალდებული და აქედან 4-ში დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დასკვნა გამოაქვეყნა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ავანგარდში მყოფი სააკაშვილის უდანაშაულოდ გამოცხადება, ეკა გიგაურის მხრიდან მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. სახელისუფლებო პარტიაში დღეს როგორც ქართული მართლმსაჯულების, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები გაიხსენეს.

ეკა გიგაურის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე და უკვე დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებზეა საუბარი. მათ შორის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე. ექსპრეზიდენტი ქართულმა მართლმსაჯულებამ 9 მილიონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში დამნაშავედ უკვე ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილმა სახელმწიფოს ფული გასახდომი და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, ძვირადღირებული საჩუქრებისთვის, სხვადასხვა კურორტზე ვოიაჟებისთვის, სტილისტისა და მზარეულის მომსახურებისთვის, შვილების განათლებისა თუ სხვა პირადი მიზნებისთვის დახარჯა. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება დევს, ამის მიუხედავად საერთაშორისო გამჭვირვალობა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" პატიმრების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა, თუმცა მაშინ სააკაშვილი ჩამონათვალში ვერ მოხვდა. სიის მიღმა დარჩენილმა ეკა გიგაური და მისი ორგანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკა და თვითგამოცხადებული შემფასებლები უწოდა, თუმცა დღეს სააკაშვილისა და მისი გუნდის პოზიცია უკვე შეცვლილია. დღეს გამოქვეყნებულ პოსტში სააკაშვილმა გიგაურს მადლობა გადაუხადა.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ გიგაურის შეცვლილი პოზიცია ზეწოლის და მორიგი უცხოური დავალების შედეგია. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობას და ვინ არის ჩართული მტრულ კამპანიაში.

სამართლებრივი საქმის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის და გამოძიებითაც დადასტურდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი სიამოვნებისთვის სახელმწიფოს ფულს ხარჯავდა.

9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს ბიუჯეტიდან დახარჯული 9 მილიონი ლარის სახელმწიფოსთვის დაბრუნება დაევალა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები