სანადირო თოფები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ამოიღეს. ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში, ქვეყნის მასშტაბით არარეგისტრირებული იარაღით ნადირობის 18 ფაქტია გამოვლენილი.
ამ ხმოვან მოწყობილობაზე, რომელიც ბრაკონიერებმა მცხეთის მახლობლად დაამონტაჟეს, განსაკუთრებული მონიტორინგი მიმდინარეობს. სტატისტიკა აჩვენებს რომ ბრაკონიერები ყველაზე ხშირად სწორედ ამ აკრძალულ მეთოდს იყენებენ. სულ ამოღებულია 525 ასეთი მოწყობილობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს განაგრძობს. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აქტიურ ფაზაშია. თბილისში ნადირობის წესების დარღვევის უკვე 8 ფაქტია გამოვლენილი. მოწმდება მოსაკრებლის გადახდის ქვითრები და იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
გამკაცრებული კონტროლი ხორციელდება იმ სახეობებზე, რომელთა პოპულაცია მცირეა და მათზე ნადირობა აკრძალულია. ბიომრავალფეროვნებას ბრაკონიერები რისკის ქვეშ ამ მხრივაც აყენებენ - გამოვლინდა კაკაბსა და ხოხობის უკანონოდ მოპოვების ფაქტები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები - მათ შორის დრონები.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში ყველაზე მეტი 196 შემთხვევა იმერეთში გამოვლინდა. 119 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. უკანონო ნადირობის 18 ფაქტი გამოავლინა კახეთის რეგიონულმა სამმართველომ.
უკანონო ნადირობაზე მინიმალური ჯარიმა 150 ლარია, რიგ შემთხვევებზე ბრაკონიერს შესაძლოა 3 000 ლარის გადახდაც დაეკისროს. ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად სამართალდამრღვევს დამატებით ეკისრება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის ოდენობა 2000 ლარს აღემატება, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან განსაკუთრებული მონიტორინგი ხორციელდება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე. მოწმდება ონლაინ ჯგუფები, სადაც რამდენიმე კანონდარღვევა უკვე გამოვლინდა. სავარაუდო დარღვევების შესახებ მოქალაქეების შეტყობინებები ცხელ ხაზზეც შედის.
ამ დროისთვის ნებადართულია ნადირობა გადამფრენი ფრინველების 10-ზე მეტ სახეობაზე. ნადირობის სეზონის დასრულებამდე დაახლოებით 5 თვე რჩება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.