19 აპრილი 2021,   07:38
ვრცლად
ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერება და ურთიერთობების გადახედვა - გზავნილებს ევროპარლამენტიდან ანალიტიკოსები ევროპის ბოლო შეხსენებად მიიჩნევენ

ევროპარლამენტარების ბრიუსელში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, თბილისში ევროპის კიდევ ერთ სერიოზულ გაფრთხილებად მიიჩნევენ.

"კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს, პოლიტიკურ კრიზისს, რაც არის საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას ყველა პოლიტიკური მხარე, პირველ რიგში მმართველი პარტიაზე მოდის პასუხისმგებლობის ძალიან დიდი ხვედრითი წილი. საბოლოო ჯამში ისინი ელიან, რომ ეს კრიზისი განიმუხტება. სხვა შემთხვევაში, სავარაუდოდ მათ მოუწევთ აამოქმედონ ის გაფრთხილება, რაც უკავშირდება მიკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვის შეჩერებას," - აღნიშნა "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შეხსენება რომ თუ ქართველი პოლიტიკოსები - ორივე დაპირისპირებული მხარე არ წავიდა დათმობაზე, ევროპა საქართველოს საკითხს გადახედავს, ეს კი შესაძლოა ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და დახმარების შეწყვეტას ნიშნავდეს.

"მთავარი გზავნილები, როგორც ხელისუფლებისადმი, ასევე ოპოზიციისადმი თანაბრად იყო მეტნაკლებად, რომ აუცილებლად გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი, სხვანაირად პირდაპირ ითქვა და ეს იყო საკმაოდ მკვეთრი გზავნილი რომ გადაიხედება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის არამარტო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება საქართველოს პირობითობა დაუწესონ, რაც გულისხმობს იმას, რომ მრავალი დახმარება სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში შეიძლება შეწყდეს," - განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ.

დღის ამბები