საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, 88 დეპუტატის სარჩელს ოთხი კანონმდებელი, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
მოახლოებულ პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. აკაკი ალადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკამყოფილებს სარჩელს.
"ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მხოლოდ ფაქტებით. 2012 წლამდე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "ნაციონალურ მოძრაობას" უგულებელყოფილი ჰქონდა ადამიანის უფლებები, შიშის დანერგვის მიზნით ქუჩაში ხოცავდნენ ადამიანებს. სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს.
როდესაც ისინი გადავიდნენ ოპოზიციაში, რადიკალური ძალადობრივი დაჯგუფებები გახდნენ. მხოლოდ იმაზე არიან მომართულნი, რომ რევოლუცია მოაწყონ - ეს ფაქტია. ბოლო 4 წელიწადში, რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა ჰქონდათ. შტურმით ცდილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების - პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ცესკოს შენობის აღებას.
იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს. იმედია, გაიხსნება ველი ნამდვილი, ჯანსაღი, სახელმწიფოზე მოაზროვნე ოპოზიციური პარტიებისთვის", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.