ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს საგარეო უწყება ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციაზე შეშფოთება გამოთქვა.
პარალელურად, სარჩელის განხილვამდე 1 დღით ადრე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აკრძალვას არ ეხება და, მისი შეფასებით, დემოკრატიული პროცესის განადგურებას გულისხმობს.
"მთავარი თემა შეუძლებელია არ იყოს ის, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა და ეს კარგად ესმის ყველას და ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა", - პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი.