20 ოქტომბერი 2026,   02:02
ვრცლად
ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებაში, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა - ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის განცხადებებმა, საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ "დებატების"ეთერში განმარტა, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის გამო, ევროკავშირის პრესსპიკერი საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ პროცესთან დაკავშირებით რას იტყვის, "ნაკლებად საინტერესოა".

"დღეს, ევროკომისიამ ტირანაში, ალბანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ალბათ ბევრ ჩვენგანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ მსგავსი განცხადება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ერთხელ მაინც რომ გაეკეთებინა ევროკომისიას, ან თუნდაც 2025 წლის ოქტომბერში, შეიძლება, დღეს ჩვენ სრულიად სხვა განწყობით ყოფილიყავით, თუნდაც ევროკომისიის პრესსპიკერის დღევანდელ განცხადებასთან მიმართებაში. მაგრამ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ასეთ ძალადობრივ ფაქტებზე, რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი ალბანეთში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაა, პოლიციელებზე შეტევაა, იქ კეთდება განცხადება და მოწოდება, რომ ძალადობისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს და გვახსოვს ჩვენ 2024 წელს რა განცხადებები კეთდებოდა იგივე ევროკომისიის ან თუნდაც საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან თბილისში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმაგი სტანდარტია. თან, ხანდახან ხომ გვეუბნებიან, რომ აი, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში როდესაც მიმდინარეობს ასეთი პროცესები, მათ სხვა სტანდარტი ესადაგებათ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ალბანეთზე ვლაპარაკობთ, რომელიც ასევე კანდიდატი ქვეყანაა საქართველოს მსგავსად და თან ითვლება, რომ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მოწინავეა, მათივე შეფასებებით, და შესაბამისად, ვხედავთ რა ხდება ტირანას ქუჩებში. აქ მთავარია, რომ ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის გამო დაკარგა სანდოობა. და ახლა რას იტყვის პრესსპიკერი საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ პროცესთან დაკავშირებით, პრინციპში, ნაკლებად საინტერესო გახდა ჩვენთვის სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის გამო", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები