20 ოქტომბერი 2026,   06:40
ვრცლად
ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში - "ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მორიგ მცდელობაზე საუბრობენ

კახა კალაძის განცხადებით, ევრობიუროკრატია საქართველოს აკრიტიკებს იმ ფონზე, როცა დუმს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, სადაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ათეულობით პოლიტიკური ძალა აკრძალეს.

ოპოზიცია სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში პრობლემას, ტრადიციულად, ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა არ იცის, რის საფუძველზე აკრძალეს ოპოზიციური ძალები უკრაინაში ან მოლდოვაში, თუმცა, ეჭვი არ ეპარებათ, რომ იმ ქვეყნების ხელისუფლების გადაწყვეტილებები სამართლიანი იქნებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, დღეს ახლო წარსული და სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენა, როცა მოლდოვამ 2 პოლიტიკური ძალა, უკრაინამ კი 18 პარტია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აკრძალა. ამ სახელმწიფოებმა ბრიუსელისგან დუმილი, საქართველომ კი კრიტიკა მიიღო, რაც მმართველი გუნდისთვის ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.

ის, რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობს, დღეს, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა - კრისტიან უიგანდმა თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს ყურადღებით აკვირდება და მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე. "ქართულ ოცნებაში" აქცენტი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მორიგ მცდელობაზე კეთდება.

2022 წლიდან, მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სხვადასხვა საფუძვლით, ათეულობით პარტია აიკრძალა - ბოლო სამ წელში, უკრაინაში საქმიანობის უფლება 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას შეუწყდა.

 

 

დღის ამბები