19 ოქტომბერი 2026,   23:37
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციები ევროპაში - ქალაქების ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების ნაწილს ქვეყნის ხელისუფლებამ მეამბოხეები უწოდა და შეკრებების კრიმინალიზება დაიწყო

მასშტაბური საპროტესტო აქციები ევროპაში - ქალაქების ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების ნაწილს ქვეყნის ხელისუფლებამ მეამბოხეები უწოდა და შეკრებების კრიმინალიზება დაიწყო. შესაბამისი მითითებების მიღების შემდეგ, ძალოვანებმა, მართლწესრიგის აღდგენისა და დაცვის მიზნით, მასობრივ არეულობაზე საპასუხო რეაგირებისთვის აუცილებელი ყველა მეთოდი და ტაქტიკა აამოქმედეს. სრულადაა მობილიზებული პოლიციის, ჟანდარმერიისა და სპეცრაზმის დანაყოფები. ფორმიანების განკარგულებაშია არსენალი: წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ფარები, წიწაკის სპრეი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები.

სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ, სხვადასხვა და მძიმე კატეგორიის სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ბრალდებით, საპატიმროში უკვე 2 397 მოქალაქე აღმოჩნდა. კრიმინალურ საქმეებს შორის, რომლებსაც სასამართლო და პროკურატურა დაჩქარებული წესით განიხილავს, არის ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ქონების დაზიანება, ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობა, ძალადობის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვისი ქონების განადგურება, ნაძარცვი ქონების ფლობა და გასაღება.

ძალადობის მასშტაბი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებშიც აისახა: გადამწვარია ისტორიული მემკვიდრეობა, განადგურებულია სახელმწიფო სიმბოლოები და ინფრასტრუქტურა. საფრანგეთის მასშტაბით, ვანდალიზმისა და ძარცვის შედეგად, დაზარალდა მინიმუმ 3 000 სავაჭრო ობიექტი, ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს აღწევს. შენიღბულების მიერ ნასროლი ქვებით, მოლოტოვის კოქტეილებით თუ გასროლილი ტყვიებით, დაშავდა 997 პოლიციელი და ჟანდარმი, რომელთაგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია. პარიზის ცენტრში თავს დაესხნენ Euronews-ის კორესპონდენტსა და ოპერატორს.

სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებისა და ძალადობით გამოწვეული მძიმე ფიზიკური დაზიანებების ქრონიკას ფრანგული მედია ავრცელებს. ცნობილი გახდა, რომ პარიზში, მაჟენტას ბულვარზე მიმდინარე აქციის დროს, მამაკაცს გულის მწვავე უკმარისობა განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მიულუზში 17 წლის გოგონას თვალი დაუზიანდა, ლანსში, ყუმბარის აფეთქების შედეგად, 15 წლის მოსწავლე დასახიჩრდა. სულ, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი და აქტივისტი მოხვდა.

დემონსტრაციებს მასობრივი არეულობა მოჰყვა ალბანეთშიც. ტირანაში, შენიღბულმა პირებმა სამთავრობო შენობები და ბანკები დაწვეს, პოლიციას კი ქვები ესროლეს. შეტაკებების შედეგად, ათობით მოქალაქე, მათ შორის სამართალდამცველები დაშავდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 400-მდე პირის მიმართ.

განათლების რეფორმის მოთხოვნით ან უკვე მიღებული რეფორმის გაუქმების მოთხოვნებით, სტუდენტები და მოსწავლეები, ბელგიის, იტალიის, საბერძნეთის, გერმანიის და ავსტრიის ქალაქებშიც გამოდიან. მედია წერს, რომ პროტესტს პალესტინის მხარდამჭერი მოძრაობები და კომუნისტური იდეოლოგიის მქონე პარტიები შეუერთდნენ.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები