27 იანვარი 2021,   05:34
ვრცლად
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას ანტისემიტიზმის დაგმობისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" და "კოალიცია თანასწორობისთვის" წარმომადგენელი ორგანიზაციები გურიაში რელიგიურ ფონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვას ყველა მოქალაქის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად. მესამე სექტორი ასევე მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის მიერ ღვთისმსახურების თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება.

"სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" და "კოალიცია თანასწორობისთვის" წარმომადგენელი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.  

ამ კუთხით, განსაკუთრებით საგანგაშოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა და  თანასწორუფლებიანობის დარღვევა; პანდემიის დროს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიერ დღესასწაულების აღნიშვნისას და ბოლო დროს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების მხრიდან გამოვლენილი ანტისემიტური რიტორიკის  უგულებელყოფა.

გამოვლენილ რელიგიურ კონფლიქტებს მთავრობამ პრობლემური მანდატისა და კომპეტენციების მქონე უწყების - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით უპასუხა, რომელიც რელიგიის თავისუფლების საკითხებს, ადამიანის უფლებების ნაცვლად,  მეტწილად უსაფრთხოების პერსპექტივიდან ხედავს.

ის ფაქტი, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე განხორციელებულ არაერთ ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, კიდევ უფრო ამძიმებს რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას, საზოგადოებაში აჩენს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას.

საპატრიარქოს და ხელისუფლებას დღემდე არ დაუგმიათ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი საეკლესიო ანტისემიტიზმი.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

დაიცვას ყველა მოქალაქის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად;

12 იანვარს სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობისა და რელიგიური დევნის შემთხვევებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და ამასთან მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობის პრევენციის მიზნით;

უზრუნველყოს სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის მიერ ღვთისმსახურების თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება;

შეიმუშავოს რელიგიური კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროგრამების გამოყენებით რელიგიურ თემებს შორის მშვიდობიანი, თანასწორი და სოლიდარული თანაცხოვრების პირობებსა და გარანტიებს შექმნის; 

შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა;

მკაცრად შეაფასოს და დაგმოს ანტისემიტიზმი, ამასთანავე გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები," - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები