დღეს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სარჩელსაც შეეხება.
სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს მომდევნო კვირიდან გამართავს.
ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმში ჩავა "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". ქუჩაში აპირებს ყოფნას თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა გვარამია კი დარბაზში იქნება. გახარიას პარტია კი ფიქრს აგრძელებს.
კონკრეტულია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, ანტიკონსტიტუციური ძალები საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ.
"ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა დავალება, მოდი ასე ვთქვათ, რომ ანტიკონსტიტუციური ძალები საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ. რადიკალები, ექსტრემისტები, რომლებიც ორიენტირებული არიან ქვეყნის დამხობაზე, გადატრიალებაზე, სისხლიან დაპირისპირებაზე, დედაქალაქის გადაწვაზე და უცხო ძალების მსახურებაში არიან მთელი ამ ხნის განმავლობაში და ცდილობენ, რომ აგენტურული საქმიანობიდან გამომდინარე, ქვეყანა გადაჩეხონ უფსკრულში, ბუნებრივია მმართველმა ძალამ, რომელსაც ნდობის მანდატი მიანიჭა ჩვენმა ხალხმა, აი ასეთი ნაბიჯი გადაიდგა. უნდა მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კონსტრუქციული წყობილების მოწინააღმდეგე, ამ რადიკალების აკრძალვაზე სარჩელის შეტანა კონსტიტუციურ სასამართლოში. არ არის საინტერესო ექსტრემისტებისაგან, ანტიკონსტიტუციური ძალებიდან, ვინ დაესწრება და ვინ არ დაესწრება.
მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვასრულებთ ქართველი ხალხის დავალებას, ქართველი ხალხის დაკვეთას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ვინც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წყობას, მათ უნდა მიეჩინოთ სათანადო ადგილი და ამას საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იხილავს." - გიორგი სოსიაშვილი.