17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო "პარაგრაფ" თბილისში. ადგილზე ვეტერანებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობასა და ქვეყნის ისტორიაში ვეტერანების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ჩიქოვანის თქმით, თითოეული ვეტერანი არის განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, რომელიც მისი გამოცდილებით მომავალს აძლიერებს.
"სახელმწიფო და მთლიანად ჩვენი საზოგადოება უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვას საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნეს. ვეტერანის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის თავდადებითა და ერთგულებით იბრძოლეს ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენი თაობების ისტორია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თქვენ ღირსეულად იდექით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, სამშვიდობო მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმძიმეს მომენტებში. თქვენმა გამოცდილებამ და თავდადებამ საფუძველი შეუქმნა დღევანდელ თავდაცვის ძალებს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის თითოეული ვეტერანი არის განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, რომელიც მისი გამოცდილებით მომავალს აძლიერებს და ქმნის სამხედრო ფიცის თანამებრძოლისა და სამშობლოს ერთგულების ცოცხალ მაგალითს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანი.