დღეს, 14:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში აქტუალურ თემებს, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება რიგითი სამუშაო შეხვედრა და არანაირი განსაკუთრებული სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი.
დადასტურებულია, რომ სხდომას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მედიისთვის კი
განცხადებები შეკრების დასრულების შემდეგ გაკეთდება.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, რომლის გამოჩენაც, შიშის ზარს სცემს რადიკალურ ჯგუფებს:
"შეხვედრა დაეთმობა მიმდინარე საკითხებს და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც დამთავრდება უმრავლესობის სხდომა, როგორც ეს ყოველ ჯერზე ხდება, საზოგადოებას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია. მაგრამ აქ ერთი სხვა საკითხიც არის საინტერესო, ის რეაქცია, რაც რადიკალურ ჯგუფებს აქვთ იმაზე, რომ იქნება უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ამავდროულად დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი, ვინაიდან მისი თითოეული გამოჩენა შიშის ზარს სცემს მთლიანად რადიკალურ ჯგუფებს და ისინი ყოველ ჯერზე პანიკაში ვარდებიან ხოლმე. ეს ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უცხოურ ძალებს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ფრთხიან მაშინ, როდესაც ჩვენ ერთად ვიკრიბებით, ვმსჯელობთ საკითხებზე და როდესაც იგებენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს. ვინაიდან ეს არის ის ადამიანი, ვინც საქართველოში პირველ რიგში დაამარცხა რადიკალური ჯგუფები და დაამარცხა ისე, რომ ისინი დღეს სრულად არიან განადგურებულები და რა თქმა უნდა, ვერასდროს ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ვეღარ შეძლებენ." - აცხადებს რატი იონათამიშვილი.