5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის მოსარჩელე მხარეს არგუმენტებიც მზად აქვს და კონკრეტული მტკიცებულებებიც. პროცესის დაწყებამდე 5 დღე რჩება. საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან ერთად უმრავლესობის სარჩელი ოპოზიციის მხრიდან დამხობის მცდელობებზე, მტრულ საქმიანობასა და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებზე მიუთითებს. "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი," "ლელო," "ფედერალისტები" და "საქართველოსთვის" - პარლამენტის თავმჯდომარე პარტიებს ურჩევს, იფიქრონ, როგორ დაიცვან თავი თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის ამოქმედებისგან, და ნუ დაელოდებიან ისევ გარე ინსტრუქციებს, რადგან მათი საკითხი, ქვეყნის შიგნით წყდება.
საერთო გამოწვევის წინაშე მდგარი პარტიები ერთად ვერც სარჩელის წინააღმდეგ დადგნენ. პროცესში მონაწილეობას ყველა არ მიიღებს. ზოგი მხოლოდ გარედან დააკვირდება, ზოგი შიგნითაც შევა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამაც", რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენაც მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ. ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილის პარტიას მალევე უპასუხა, რომ მათი სტრატეგიული გზები ვერ გადაიკვეთება.
"ლელო" სასამართლოში იურისტებსაც მიავლენს, ეს თავიდანვე თქვეს, თუმცა სამართლებრივ პროცესში პოლიტიკური დახმარებისთვის დღეს საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს.
სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას ისევ ქვეყნის გარედან ითხოვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ლოგიკურიცაა იმ პარტიების მხრიდან, რომელთაც უმრავლესობის სარჩელის წინააღმდეგ კონტრარგუმენტები არ აქვთ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი იდეოლოგიური მოკავშირეები წლების განმავლობაში საკუთარი ქმედებებით თუ განცხადებებით, თავადვე ადასტურებდნენ, რომ აღიარებენ კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმაციას, ამიტომ მიაჩნია, რომ სასამართლოში განსახილველი საკითხიც მარტივია.
ერთიან სარჩელში მოხვდნენ, თუმცა პარტიები ერთმანეთისგან გამიჯვნას ცდილობენ. გახარიას პარტია, რომელიც ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა რა გზას აირჩევს, სხვებისგან დისტანცირებას ამჯობინებს. ისევე როგორც ნიკა გვარამია 4 ოქტომბრის მოვლენებისგან. ვერშემდგარი დამხობის საქმე ერთ-ერთია იმ არგუმენტებს შორის, რომლის საფუძველზეც უმრავლესობა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები, ორგანიზებული და წახალისებული პოლიტიკური პროცესების შემდეგ უკვე სამართლებრივადაც დამარცხდებიან. უმრავლესობის თქმით, ოპოზიცია ვერც ლობისტების მხარდაჭერის იმედად ვერ იქნება, ვინაიდან არაკონსტიტუციურად მოქმედი პარტიის საქმიანობის სათანადოდ შეფასება საერთაშორისო სტანდარტია, რასაც ვერც გარე აქტორები უარყოფენ.
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით 88 დეპუტატის ხელმოწერით განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 24 სექტემბერს დარეგისტრირდა. საქმე განსახილველად 7 მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს გადაეცა. არსებითი განხილვა 21 ოქტომბერს იწყება. 5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის 5 მოსამართლის გადაწყვეტილებაც საკმარისია.