16 ოქტომბერი 2026,   22:31
ვრცლად
გვარამია ჰერჩინსკის წინააღმდეგ - ოპოზიციის კრიტიკა ევროპელ დიპლომატს, სანქციების საკითხი და მმართველი გუნდის პასუხი

"მე ელჩის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი" - საკითხი, რომლის მიხედვასაც ნიკა გვარამია ითხოვს, საქართველოს დასანქცირებაა, ელჩი კი რომელსაც აკრიტიკებს, ევროპელი დიპლომატი პაველ ჰერჩინსკია. პარტია "ახალის" ლიდერი ელჩის ცეკვამ მას შემდეგ გააღიზიანა, რაც ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისის უსაფუძვლოდ დასჯის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის საკითხი წამოჭრეს.

თუმცა, გვარამია რამდენიმე დღით ადრეც ამტკიცებდა, რომ ლუქსემბურგში ევროპელი ლიდერები საქართველოსთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. კერძოდ კი, ქვეყანას დაასანქცირებდნენ.

ყოფილი "ნაციონალის" ტონი და სანქციების ღიად მოთხოვნა, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის რეალური მიზნების დასტურია. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გვარამიას განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი არგუმენტი იქნება, რაც ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობაში მორიგ ჯერზე ამხელს.

გვარამიას პოზიცია ოპოზიციაში დაპირისპირების საგანიც გახდა. გახარიას პარტიაში პარტია "ახალის" ლიდერს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდეს და მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებიც მოითხოვეს.

დიაგნოზი ოპოზიციის საქმიანობასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია დაისვა "ქართული ოცნების" მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარემ გვარამიას განცხადება იმ მოღალატეობრივ ქმედებას შეადარა, როცა სხვა სახელმწიფოების მიერ დანიშნული მმართველები საქართველოში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ძალების ინტერესებს ატარებდნენ.

საქართველოს წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების გამო გაბრაზებულია "ნაციონალური მოძრაობაც". სააკაშვილის პარტიაში ევროპელ ლიდერებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათი ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს ბადებს. "ნაციონალები" საუბრობენ დასავლეთის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც.

მმართველი გუნდის განცხადებით კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა მთავარი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა ფსონი ოპოზიციაზე დადეს. კანონმდებლები ამბობენ იმასაც, რომ არც გვარამიას განცხადება გაჰკვირვებიათ, რადგან, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" წლებია საქართველოს იზოლაციის მცდელობით, ქვეყანაში ვითარების არევას ცდილობენ.

ნიკა გვარამია სანქციებს ელოდა, ლუქსემბურგში კი დიალოგზე ალაპარაკდნენ, რამაც ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" კრიტიკის სამიზნე, ამჯერად, თავად ევროპელი პარტნიორები გახადა.

დღის ამბები