29 ოქტომბერი 2020,   21:06
ვრცლად
იგეგმება თუ არა სამართლებრივი რეაგირება ადვოკატის მიერ წარდგენილ სატელიტის ყალბ ფოტოებთან დაკავშირებით - პროკურორის განმარტება

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე უწყების საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა სამართლებრივი რეაგირება ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ წარდგენილ სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ყალბი გამოდგა:

"ამ ეტაპზე არ არის საუბარი არავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს რომ მსგავსი შემთხვევებისას ყველა კითხვის ნიშანი იქნეს გარკვეული, ყველა მტკიცებულება იქნეს მოპოვებული იმისათვის, რომ დავადგინოთ, ვინ, რატომ და რა მიზნით ცდილობს საზოგადოების და გამოძიების შეცდომაში შეყვანას და რა მიზანს ემსახურება ამგვარი ფოტომასალის შექმნა და სამართალდამცავ  ორგანოებში წარმოდგენა. ყველა ვერსია იქნება გადამოწმებული და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული,"- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც მისი მტკიცებით ადასტურებდა იმას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნა მიტანილი იმ ადგილზე, სადაც მისი ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

დღის ამბები