29 ოქტომბერი 2020,   20:59
ვრცლად
ვადასტურებთ რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს - პროკურორი

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა, იმ ვიდეოფაილებზეც ისაუბრა, რომელიც youtube-დან, თამარ ბაჩალიაშილის პირადი გვერდიდან ამოიღეს.

"რუსთავი 2- ის" შეკითხვაზე ვიდეოფაილებთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ვიდეოში ნამდვილად არის საუბარი ტყეში სუიციდთან დაკავშირებით:

"საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია ნამდვილად. ვადასტურებთ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ვიდეო ასახავს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

კითხვაზე - მოხდება თუ არა ამ ვიდეოების გასაჯაროება, პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმის გათვალისწინებით,  რომ არ დაზიანდეს არც გამოძიების და არც სხვა პირების ინტერესი.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა სამართლებრივი რეაგირება ადვოკატის მიერ წარდგენილ სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ყალბი გამოდგა:

"ამ ეტაპზე არ არის საუბარი არავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს რომ მსგავსი შემთხვევებისას ყველა კითხვის ნიშანი იქნეს გარკვეული, ყველა მტკიცებულება იქნეს მოპოვებული იმისათვის, რომ დავადგინოთ, ვინ, რატომ და რა მიზნით ცდილობს საზოგადოების და გამოძიების შეცდომაში შეყვანას და რა მიზანს ემსახურება ამგვარი ფოტომასალის შექმნა და სამართალდამცავ ორგანოებში წარმოდგენა. ყველა ვერსია იქნება გადამოწმებული და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული,"- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

დღის ამბები