ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს საგარეო უწყება ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციაზე შეშფოთება გამოთქვა.
პარალელურად, სარჩელის განხილვამდე 1 დღით ადრე, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკური არგუმენტებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია, საკუთარ ხალხს ვეღარ ესაუბრება და დახმარებას ისევ ელჩებს და გარე აქტორებს სთხოვს.
"ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით, მაგრამ ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით. ამიტომ აგრძელებენ ამ პრაქტიკას.
ოპოზიციას არანაირი დასაყრდენი ქვეყნის შიგნით არა აქვს. ელჩებთან შეხვედრა რა გიკვირთ? - ეს ოპოზიცია დადიოდა კარდაკარ და იძახოდა, რამე ქენით, დაასანქცირეთ ეს ქვეყანაო, რამენაირად ამ ქვეყანას გაუჭირდეს, რომ იქნებ ხალხი თუ გაჭირვებაში ჩავარდება, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდესო. ეს იყო მთელი ამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და ახლა ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ?" - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.