სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა ლევან ახალაიას, რომელმაც პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა. 1 500 ლარით დაჯარიმდა მიხეილ ტურიაშვილი, მან სიძულვილის ენა ლევან სანიკიძის წინააღმდეგ გამოიყენა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლევან ახალაიას მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი - 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში ერთ-ერთ Facebook მომხმარებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა დღეს პროცესზე, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მას გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ნათია გიგლემიანმა.