20 ოქტომბერი 2026,   17:20
ვრცლად
"არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით" - გიგა ბოკერია

ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს საგარეო უწყება ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციაზე შეშფოთება გამოთქვა.

პარალელურად, სარჩელის განხილვამდე 1 დღით ადრე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკური არგუმენტებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია, საკუთარ ხალხს ვეღარ ესაუბრება და დახმარებას ისევ ელჩებს და გარე აქტორებს სთხოვს.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე განცხადებები კეთდება ოპოზიციაში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მოკავშირეებთან საუბრობს.

"ქვეყანაში სერიოზული ამბები ხდება, არა მხოლოდ პარტიების აკრძალვაზეა საქმე, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენით ბუნებრივ მოკავშირეებთან.

[რაც შეეხება] დასავლეთ მხარდაჭერას, ძალიან ბევრნაირი შეუძლია გამოხატოს რა თქმა უნდა, მთავარი საქმე გასაკეთებელი მაინც ქართული ხალხისა გახლავთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის საქმის კურსში იყოს იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში", - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება, "ფედერალისტებს", პარტიის" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ უცხოელ მოკავშირეებს აინტერესებთ, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში.

"არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით. მე ვხედავ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის, როცა ქართული საზოგადოება გადადგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად და ეს არის საქართველოს საზოგადოების ამოცანა დღეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები