28 სექტემბერი 2020,   05:33
ვრცლად
"ქალბატონ მაგდას ვიცნობ 30 წელია, არის რეანიმატოლოგი ანესთეზიოლოგი - ბრალდებული ექიმების მხარდასაჭერად აქცია იმართება

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული დირექტორისა და კიდევ ერთი თანამშრომლის მხარდამჭერები იკრიბებიან.

აქციას შეუერთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, მაგდა ხოჭოლავას წლებია იცნობს და მას ლიცენზია ჰქონდა, უბრალოდ, განახლება სჭირდებოდა. 

"ქალბატონ მაგდას ვიცნობ დაახლოებით 30 წელია. არის რეანიმატოლოგი - ანესთეზიოლოგი, რომელიც მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და შემდეგ წავიდა იტალიაში, არის იტალიის მოქალაქე. ჩამოდიოდა ჩვეულებრივად, აქ აქვს აღებული ლიცენზია. მუშაობდა აქ ანესთეზიოლოგად დაახლოებით 25-30 წლის წინ, სანამ წავიდოდა იტალიაში. იქ არის ერთი ტექნიკური საკითხი - განახლება სჭირდებოდა ამ საბუთებს და ეს განახლება არ გაუკეთებია, იმიტომ რომ იტალიაში ცხოვრობს და იქ მუშაობს,"-განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

ბრალდებული ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით არათუ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოთ, არამედ ბრალდებულებადაც კი არ უნდა იყვნენ ცნობილნი. 

"გადმომეცა საქმის მასალები. გავეცანი სრულად და დეტალურად და მხოლოდ გამიღრმავდა ის საფუძველი, რომ აბსოლუტურად არ არსებობს დანაშაული ამ ადამიანების ქმედებაში, არცერთი მუხლით რაც წარმოდგენილია ბრალში, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ არათუ აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობა შეეფარდოთ, საერთოდ, ბრალდებულებად იყვნენ ცნობილი,"-განაცხადა ადვოკატმა.

დღეს სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. ერთ-ერთი ბრალდებული მაგდა ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების ფორმა მას დაუსწრებლად შეეფარდება.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი.  

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები