340 მომხრე, 0 წინააღმდეგი - საფრანგეთის სენატმა მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რომლის მიზანიც უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაა. სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. დამრღვევს, შესაძლოა, 3 ან 6 წლამდე პატიმრობა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.
კანონპროექტი სენატში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. უცხოური ჩარევის მაგალითად მან საქართველოც დაასახელა.
ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი - ასეთია ოფიციალური თბილისის შეფასება საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უცხოური გავლენის შეზღუდვა ყველა სახელმწიფოს ამოცანაა, თუმცა საქართველომ დასავლეთისგან პასუხად კრიტიკა მიიღო, მოგვიანებით კი, კანონის მიღების აუცილებლობა ყველა ევროპულმა სახელმწიფომ დაინახა.
ოპოზიციამ ტრადიცია არც ახლა დაარღვია - ხელისუფლების ოპონენტებისთვის სხვა ქვეყნებში მიღებული ის კანონები, რომლებსაც საქართველოში აპროტესტებდნენ, ისევ დემოკრატიულია.
"ქართული ოცნების" შეფასებით, უცხოეთიდან ჩარევის პრევენციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო ზომების მიღების აუცილებლობა სულ უფრო მეტ ევროპულ სახელმწიფოს ესმის, მათ შორის საფრანგეთსაც, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პროცესში საქართველოს აკრიტიკებდა.
სენატის მხარდაჭერის შემდეგ უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას უკვე გადაეგზავნა.