სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ ორი საქმე განიხილა. ორივე მოქალაქეს 500-500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
საქმის მასალების მიხედვით, ნათია არაბულმა სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინას მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო ზაქარია მორჩაძემ სიძულვილის ენა გუბაზ სანიკიძის მიმართ გამოიყენა.
"ზაქარია მორჩაძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მან საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიყენა გუბაზ სანიკიძეს. აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ნათია არაბულის მიმართაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია გიგლემიანი.