23 ოქტომბერი 2026,   03:40
ვრცლად
სასამართლოს აქვს პრაქტიკა, რომ თუ განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნება საკმარისი ობიექტური გადაწყვეტილების გამოსატანად, თვითონ გამოითხოვოს მხარეებისაგან ის შუამდგომლობები, რაც მას საჭიროდ მიაჩნია - რევაზ ნადარაია

"შუამდგომლობით დაყენებულ მოთხოვნებში არ არის არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც შეკითხვის დასმა და გამოკვლევა არის შეუძლებელი შემდგომ ეტაპებზე. ამ ეტაპზე, სასამართლო ვერ დარწმუნდა ამ მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაში", – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა, რომელიც მტკიცებულებების გამოკვლევის და მოწმეთა დაბარების ნაწილში, ნიკა გვარამიას შუამდგლობას ეხებოდა.

სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სასამართლო თავად გადაწყვეტს, დასჭირდება თუ არა დამატებითი მტკიცებულებები საბოლოო, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, თავად მიმართავს მხარეებს.

"ამავდროულად, სასამართლოს აქვს პრაქტიკა, რომ თუ განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, სწორედ ინკვიზიციის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონ გამოითხოვს მხარეებისაგან ის შუამდგომლობები, რაც მას საჭიროდ მიაჩნია სწორედ ობიექტური, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოსატანად. ის მტკიცებულებები, რომელთა კვლევასაც და რომელთა გამოთხოვასაც მხარე ითხოვდა, ეს არის ის მტკიცებულებები, რასაც დასკვნა ეყრდნობა. მხარეს ჩვენთან მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს კომისიის დასკვნა, თვითონ დასკვნა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ თვითონ აღნიშნა, რომ თუ ეს დასკვნა და ჩემს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ იქნება საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლო ამას მისცემს სათანადო შეფასებას. ანუ, რამდენად საკმარისი არის ეს მტკიცებულება, მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და რამდენად არ არის საკმარისი. ასე რომ, ამ ეტაპზე ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა", – აცხადებს რევაზ ნადარაია.

 

დღის ამბები