23 ოქტომბერი 2026,   21:48
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ზუზანა მაიეროვასა და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პეტრ სოკოლი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოიხილეს, მათ შორის, განათლების, კულტურის, სპორტის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სხვა საკითხები.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ საკვანძო ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების როლს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიალოგის გააქტიურების, რეგულარული კონტაქტებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებმა, ზვიად შალამბერიძემ და ზუზანა მაიეროვამ, ამ მხრივ შემდგომი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

 

დღის ამბები