თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სამგორის რაიონის, ვარკეთილის III მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები და სამგორის რაიონის გამგებელი დაესწრნენ. საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრმა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა ანგარიშის წარდგენისას როგორც თბილისის საკრებულოში ასევე საკრებულოს ორ კომისიასა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობის მუშაობის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.
გიორგი დოხტურიშვილმა, თავისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობის მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა, საქმიანობის სფეროები დაწვრილებით მიმოიხილა და სამუშაო პროცესში უწყებათაშორისი თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
ვარკეთილის მესამე მასივში 63 000 ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 6 სკოლა, 7 საბავშვო ბაღი, 3 უფასო სასადილო, განთავსებულია 391 საცხოვრებელი კორპუსი.
საკრებულოს წევრის წარმომადგენლობა მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს ემსახურება, ოთხშაბათი კი მოსახლეობის მიღების დღედ განისაზღვრა.
საანგარიშო პერიოდში დასრულდა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მნიშვნელოვანო პროექტები. კერძოდ, კალოუბნის ქუჩა №18-ში სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, რის შედეგადაც 29 ოჯახი დაკმაყოფილდა.
ასევე, მესამე მასივის მეშვიდე კვარტლის მე-12 კორპუსის ადგილზე აშენდა ახალი ათსართულიანი შენობა, მოწესრიგდა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოები ათ ლოკაციაზე განხორციელდა.
გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, ამჟამად საგზაო სამუშაოები 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს და კიდევ 6 ლოკაციაზე ამგვარი სამუშაოების განხორციელება იგეგმება.
ასევე, სამაჟორიტარო რაიონში, მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა თრიალეთისა და შუამთის ქუჩებზე და მესამე მასივის მეათე კვარტალში. ოთხ სხვადასხვა მისამართზე კი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის პროექტების დამუშავება.
მნიშვნელოვანი პროექტია აბაშვილის ქუჩა №3-ში, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, 16 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა.
პარალელურად მიმდინარეობს და დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსების სახურავების, ლიფტების, კიბეების, სართულშუა ნაპრალებისა და წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია.
ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტი.
წარმომადგენლობის საქმიანობის ძირითადი სფეროებია - ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, განათლება და კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, საზოგადოებრივი საქმიანობა. მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი თანამშრომლობა მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სტრუქტურებთან.
საბოლოოდ, ანგარიშში შეჯამდა ვარკეთილის მესამე მასივში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელთა მიზანს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება, საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა წარმოადგენს.