22 ოქტომბერი 2026,   07:23
ვრცლად
ევა გოცირიძე: ჩვენ არ ვიხილავთ კონკრეტული საქმეების ბედს, ჩვენ ვიხილავთ მთლიანობაში პოლიტიკური პარტიის საქმიანობის მიზნები, ფორმები და მეთოდები არის თუ არა კონსტიტუციური 

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარცელის განხილვა დღეს დაიწყო.

როგორც მოსამართლეთა პლენუმის ერთ-ერთმა წევრმა ევა გოცირიძემ დღევანდელ განხილვაზე აღნიშნა, ამ კონკრეტული სარჩელით, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს არა იმ კონკრეტულ საქმეებს, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია აღწერილი და რომელიც ერთ-ერთი მთავარი საფუძველია აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელისა, არამედ მთლიანობაში ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზნები, ფორმები და მეთოდები არის თუ არა კონსტიტუციური.

"რაც შეეხება უშუალოდ ამ პარლამენტის საპარლამენტო კომისიის დასკვნაში მითითებულ სხვადასხვა გარემოებას და ფაქტებს, რა თქმა უნდა, იქ მითითებულ გარემოებებს, აღწერილ ფაქტებს შეიძლება ვუწოდოთ ამ ეტაპზე, აქვთ სხვადასხვა მტკიცებულებითი ძალა, თუ იქ არის მითითებული უკვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სასამართლოს გადაწყვეტილება, სტრასბურგის გადაწყვეტილება, მათი მტკიცებულებითი ძალა მეტია, შეიძლება იყოს სხვა ტიპის მტკიცებულებები, მაგალითად, სახალხო დამცველის ანგარიში მითითებული გარემოებები, ხომ? ნუ თუ არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება ვთქვათ, რომ არაფერს არ ნიშნავს? გარკვეული მტკიცებულებითი ძალა, შეიძლება მათაც მივანიჭოთ, ოღონდ იმ დათქმით, თუ არის ის რელევანტური და მთლიანობაში რა ვითარება იდგა.

ასევე ჩვენთვის ის კი არ არის მთავარი, პარლამენტმა რა დასკვნა გამოიტანა იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რა ითქვა უშუალოდ იმ კომისიის სხდომაზე და ახლა მე ვაყენებ კითხვას, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სრულიად რელევანტური არის, მაგალითად, საჯარო სივრცეში რომელიმე ინფორმაცია, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრის მიერ, მოწოდებას, ჰიპოთეზურად , სხვამ ამ შეკითხვას, მაგალითად, ძალადობისკენ მოწოდება, ხომ? ეს ხომ შეიძლება იყოს რელევანტური მტკიცებულება და ამას აღარ სჭირდებოდეს გამოკვლევა.

ახლა მე ასევ ვსვამ კითხვას, თუკი რაღაც განცხადება გაკეთდა ასევე საჯარო სივრცეში, ოღონდ ეს ხდებოდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თანდასწრებით ან იმის გათვალისწინებით, რომ ეგ ხელიც კი მოაწერინეს, სიმართლის თქმის ვალდებულებაზე, ახლა ამაზეც ვთქვათ, რომ ეს არაფერი არ არის, ცოტა უხერხული იქნება, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ჩათვალოთ, რომ აი ეს ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ იქნება ყველაფერი მიღებული და გათვალისწინებული.

აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც მტკიცებულებითი ძალა შეიძლება ჰქონდეს ყველაფერს, ოღონდ ის კონკრეტულ ფაქტებთან, კონკრეტულ ბრალდებებთან მიმართებაში ერთობლიობაში თუ ცალ-ცალკე, ამაზე იმსჯელებს სასამართლო, სარწმუნოების რა ხარისხი ექნება

ახლა რაც შეეხება იმათ სარწმუნოების ხარისხს, სწორედ აქ ბატონმა ზაზამ დააყენა ეს საკითხი - მტკიცების რა სტანდარტი იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ იქნება ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების სტანდარტი, იმიტომ, რომ ეს არის ის სტანდარტი, რომელიც სასამართლომ უკვე შეიმუშავა იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებით, იმპიჩმენტის საქმეც, ისევე, როგორც ეს ამ ტიპის სამართალწარმოება არის დაკავშირებული პოლიტიკურ საკითხებთან, როგორც იმპიჩმენტის პროცედურას, ისე ამ პროცედურას არ მოჰყვება ინდივიდუალური სანქციები ან გარკვეული რამ. თუ იმპიჩმენტის პროცედურას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მხოლოდ პირის თანამდებობიდან გადაყენება და არა სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება, ისევე როგორც აქაც, შეიძლება ამას მოჰყვეს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა, მაგრამ არ მოჰყვება ინდივიდუალური მსჯავრდება.

ამიტომ სასამართლომ მაშინაც მიიჩნია, რომ გაცილებით რელევანტური იქნება და არის არ იქნეს გამოყენებული სისხლის სამართლებრივი სტანდარტი, რომელსაც ჰქვია უტყუარი მტკიცებულების სტანდარტი, არ იქნას გამოყენებული არც სამოქალაქო მტკიცებულებების სტანდარტი, ეგრეთ წოდებული გადამწონი მტკიცებულებების სტანდარტი, როდესაც უბრალოდ ის მხარე იგებს, რომელიც უფრო უკეთესად ასაბუთებს თავის პოზიციას, არამედ გამოყენებული იქნას საშუალო მტკიცებულების სტანდარტი, რომელიც არის საერთაშორისო სამართალში კარგად აღიარებული, მათ შორის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო იყენებს სწორედ ამ ტიპის პროცედურებთან დაკავშირებით - ეს არის ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების სტანდარტი.
ამიტომ, რადგან დადგა ეს საკითხი, წინასწარ ვიტყვით ჩვენ ამის შესახებ იმისათვის, რომ საზოგადოების ინტერესი დავაკმაყოფილოთ.

და კიდევ ერთი, აქ იყო საუბარი აგრეთვე იმაზე, რომ გარკვეული სირთულეები შეიძლება მოჰყვეს დამატებითი მოწმეების მოყვანას და სხვ. ეს მხარის გადასაწყვეტია, ცხადია, მაგრამ თუკი მხარემ ვერ უზრუნველყო, დარწმუნება სასამართლოზე, ამით მოპასუხე მხარე მოიგებს და არა მოსარჩელე, იმიტომ, რომ ამაზე ძალიან დიდი დარდი, მე მგონი, არ ღირს.
თანაც, ჩვენ არ ვიხილავთ იმ კონკრეტული საქმეების ბედს, ჩვენ ვიხილავთ მთლიანობაში პოლიტიკური პარტიის საქმიანობის მიზნები, ფორმები და მეთოდები არის თუ არა კონსტიტუციური და მთლიანობაში რა წარმოდგენა არსებობს და რამდენად ეს არის ცხადი და დამაჯერებელი საზოგადოებისთვის, სამართლებრივად სასამართლოსთვის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეფასების სტანდარტის განსაზღვრისას." - აცხადებს ევა გოცირიძე

დღის ამბები