20 ოქტომბერი 2020,   11:07
ვრცლად
ბუსა ჟვანიას ბრალს სამედიცინო დაწესებულებაში წარუდგენენ - ლევან თოფაძე ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

დაკავებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის ჯერჯერობით არ გამოუკითხავთ. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამომძიებლებს ელოდებიან. სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში შედგება ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ბრალის წარდგენის პროცედურას ითვალისწინებს.

ინფორმაციას დაკავებულის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუცლის არეშია ჭრილობა, ცივი იარაღით მიყენებული. არ დასჭირდა ოპერაცია," - განაცხადა ბესარიონ ჟვანიას ბიძამ, გოგლა ჟვანიამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, თბილისში გუშინ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

დღის ამბები