05 აგვისტო 2020,   17:59
ვრცლად
რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდეგ დაკავებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება

რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდეგ დაკავებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ეხმაურება.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისია სავარაუდო სროლისა და შემდგომ დაკავების ინციდენტს ყურადღებით გაეცნობა.

"მისია მთელი დღის განმავლობაში ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას და აკვირდება, როგორც შესაძლო სროლის ინციდენტს, ასევე შემდგომ დაკავებას. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას, როგორც შესაბამის ფორმას რეგულარული დიალოგისა და ნდობის მშენებლობისთვის," - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი უკანონოდ დააკავეს.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ უკანონო დაკავების პროცესში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს და ამის შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

დღის ამბები