02 ოქტომბერი 2026,   03:05
ვრცლად
14 წელი "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან - რა მოიტანა 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა და როგორ აფასებენ პოლიტიკოსები განვლილს წლებს

14 წელი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში დემოკრატიული გარდაქმნის თარიღიდან - ასე შეაფასა, დედაქალაქის მერმა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" გამარჯვება, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილების პირველი პრეცედენტი შექმნა. კახი კალაძე, რომელიც 14 წლის წინ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე იყო, ამბობს, რომ გამარჯვებიდან დღემდე, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის სრულად დემოკრატიული ტრანსფორმაცია შეძლო, რაც პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელს და ავტორიტეტს უკავშირდება.

საზოგადოების გაერთიანება ეროვნული იდეის ირგვლივ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ქართული სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტურ საფუძვლად მიაჩნია უმრავლესობის ლიდერს. ირაკლი კირცხალიამ დღეს სოციალურ ქსელში თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გლობალური გამოწვევებისა და კონფლიქტების ეპოქაში, 1 ოქტომბრის გამარჯვებამ ქვეყანას მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა შეუნარჩუნა.

ის, რომ 2012 წელი დემოკრატიული კუთხით საქართველოსთვის გარდამტეხი თარიღია დღეს ვერც ნაცმოძრაობაში უარყვეს. თქვეს, რომ ამ დღეს ხალხმა მათ ხელისუფლებას უარი უთხრა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება გარდაუვალი გახადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ფაქტობრივ დიქტატურად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, 14 წლის წინ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, უზარმაზარი პერსონალური რისკის ფასად, ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა. შეიცვალა პოლიტიკური სისტემაც და მიდგომებიც. დღეს ადამიანის უფლებების, მედიისა თუ სასამართლოს თავისუფლების კუთხით საქართველო ყველა გავლენიან საერთაშორისო რეიტინგში ლიდერობს. ოცნებაში, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და ხელშესახებ ეკონომიკურ პროგრესზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ისტორიულ თარიღს დღეს სოციალურ ქსელში სპეციალური ქარდებით გამოეხმაურნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. პარტიამ ხმების 54.97 მეასედი პროცენტი მიიღო და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება შეძლო. ამ გამარჯვებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით შეიცვალა.

დღის ამბები