02 ოქტომბერი 2026,   03:17
ვრცლად
ვინ დაუკვეთა IRI-ს კვლევა - ოპოზიციური პარტიების ბუნდოვანი განცხადებები და მმართველი გუნდის რეკორდული რეიტინგი

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის საჯარო ეთერის შემდეგ გააკეთეს.

სააკაშვილის პარტია თინა ბოკუჩავას დემონსტრაციულმა თავშეკავებამ დააბნია, რომელიც გაცილებით ბევრისმთქმელი აღმოჩნდა. აღიარეს ის, რასაც ორი დღის განმავლობაში უარყოფდნენ. ჯერ კვლევის ავთენტურობა დაადასტურეს, რასაც მანამდე ეჭვქვეშ აყენებდნენ, ბოლოს კი ერთმანეთთან შეუთანხმებლად გამოკითხვის ჩატარების პერიოდიც გაამხილეს.

საინტერესოა, კიდევ რომელმა პარტიებმა დაუკვეთეს IRI-ს კვლევა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ჯამში მხოლოდ 16 პროცენტი დაუთვალეს? პასუხისმგებლობას ყველა იხსნის. მეტიც, პარტიები, რომლებიც არაოფიციალურად გავრცელებული ამ მონაცემების მიხედვით 1- და 2-პროცენტიანები არიან, დღესაც ამტკიცებენ, რომ კვლევა ძველია და ის სავარაუდოდ 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება.

სანდრო რაქვიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სოცქსელში გამოქვეყნებული მონაცემების შემდეგ საჯაროდ ალაპარაკდა ოპოზიციის კრიტიკულად დაბალ მაჩვენებელზე. ამის გამო მას ღიად დაუპირისპირდა ფედერალისტების ლიდერი, რომლის რეიტინგიც ლელოს მსგავსად 1 პროცენტიც არ არის. რაქვიაშვილს ოპოზიციის უკმაყოფილებაც ლოგიკურად ეჩვენება და კვლევის შეგნებულად დამალვის მიზეზიც.

რამდენჯერმე მაღალი რეიტინგი აქვს მმართველ პარტიას: ალოკაციის გარეშე - 36%, ალოკაციით - 55%. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს ის ისტორიული მაქსიმუმია, რომლის პრეცედენტიც აქამდე მათ IRI-ს არც ერთ კვლევაში არ ჰქონიათ.

ვინ არიან დამკვეთები და როდის გამოქვეყნდება კვლევის სრული ვერსია? - ამ კითხვებით „კურიერმა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობას წერილობით რამდენიმე დღის წინ, შედეგების არაოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე მიმართა.

დღის ამბები