02 ოქტომბერი 2026,   10:58
ვრცლად
დაკავება გამოძალვის ბრალდებით - აჭარის პოლიციამ ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანა

თურქეთიდან ბათუმში 21 წლის მამაკაცი დასაქმების იმედით ჩავიდა. სამუშაოს მაძიებელმა მალევე გაარკვია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი იყო.

"კურიერისთვის" ორგანიზებული დანაშაულის კონკრეტული დეტალები ცნობილია.

თურქეთში მცხოვრებმა 21 წლის მამაკაცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახურს ეძებდა. რამდენიმე საათში მას აჭარიდან თურქეთის ორმა მოქალაქემ დაურეკა. შეჰპირდნენ, რომ ერთ-ერთ ობიექტზე დაასაქმებდნენ და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაშიც დაეხმარებოდნენ. სანაცვლოდ მსხვერპლს თან უნდა ჰქონოდა ნაღდი ფული - 3000 ევრო.

ახალგაზრდა კაცი პირობებს დათანხმდა, აჭარაში ჩავიდა და დაბინავდა. მეორე დღეს კი ე.წ. დამსაქმებლებს შეხვდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მსხვერპლს 3000 ევრო გამოსძალეს, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მობილურის სიმ-ბარათებიც. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიციას მიმართავდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

იმავე დღეს მსხვერპლმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს და თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძალვის ფაქტზე დაკავების ოპერაცია ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მიმდინარეობდა.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძალვის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ედავება, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები