სარჩელზე მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები იდენტიფიცირებული - ბერა ივანიშვილის სახელით სამართლებრივი დავა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ადვოკატის განცხადებით, მის მიმართ, ცილისწამების, გავრცელებული სიცრუისა და ყალბი ფაქტების შესახებ სასამართლოს, მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნუსხას წარუდგენენ. სასარჩელო მოთხოვნა ერთია - სამართლებრივად შეფასდეს ის ცილისმწამებლური ბრალდებები, რომელიც მის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.
სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ, თავად ბერა ივანიშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ უპასუხოდ აღარ დატოვებს მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და დეზინფორმაციას, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით კოორდინირებულად ვრცელდება.
ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების კოორდინირებული, ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი - "ქართული ოცნების" დამფუძნებლის-ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციაა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ცილისმწამებლური ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე, ივანიშვილების ოჯახის მისამართით უკვე წლებია ისმის. განსაკუთრებული იერიში კი ბოლო პერიოდში სწორედ ბერა ივანიშვილზეა მიტანილი. ამას კანონმდებლების განმარტებით, სხვადასხვა მედიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებიც მოწმობს.
ანალოგიური შინაარსის ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან დღესაც ისმოდა, თუმცა ერთი განსხვავებით - თავად და თან საჯაროდ აღიარეს, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, მათი ბრალდებები კი მხოლოდ ჟურნალისტურ გამოძიებებს ეყრდნობა.
მტკიცების ტვირთი, რომ თავად ბრალმდებელზეა - ოპოზიციას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა, თუ ცალკეული პირების მთავარი ამოცანა ქვეყნის დასუსტება და იერიშია ავტორიტეტებზე, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცრუ კამპანიაში ჩართულმა თითოეულმა პირმა პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.
ბერა ივანიშვილის სახელით სასამართლოში სარჩელს, ადვოკატი დავით ასათიანი წარადგენს. სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი სიცრუეა, რომლის უპასუხოდ დატოვებაც, წამახალისებელ ფაქტორად იქცა ცილისმწამებლური კამპანიების წარმოებისთვის, შესაბამისი ზომების მიღება კი აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ არც ბერა ივანიშვილს და არც სხვას აღარ მოუწიოს უსამართლობის ატანა.