15 აგვისტო 2020,   10:55
ვრცლად
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს, ხოლო სახელმწიფო მბრალდებელი პატიმრობას ითხოვდა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურორის მოთხოვნა.

ბრალმდებელმა ნატო ბურთიკაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ გრემელაშვილი ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცოლსა და შვილებს.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილმა სიტყვით მიმართა მოსამართლეს და განმარტა, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მას მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია.

გრემელაშვილი მომხდარის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მას გამოძიება საკუთარ შვილებსა და ცოლზე ფიზიკურ ძალადობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვას ედავება.

დღის ამბები