საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას სერბეთის არჩევნების შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იქ გამარჯვებული ოპოზიციური ძალა აქციებზე ხატებით გადიოდა და ეროვნული ინტერესების გამამყარებელი ლოზუნგებით საუბრობდა, ქართული ოპოზიცია კი საპირისპიროს აკეთებს და სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას ცდილობს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, არ არსებობს არცერთი შესაძლო ვარიანტი, როდესაც ანტიქართულმა აგენტურულმა ძალამ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს საქართველოში.
"სერბეთში ჩვენ რასაც ვაკვირდებოდით, ოპოზიციური ჯგუფი ხატებით გამოდიოდა აქციებზე. ახსენეთ კიდევაც, რომ მათი პლატფორმა არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ასევე ახსენეთ, რომ მათი პლატფორმა არის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს არ მოხდება და ის არის სერბეთის ნაწილი. რას ვხედავთ ჩვენ აქეთ? ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის. ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა შევასრულოთ და ჩვენი ინტერესი არაფერ შუაშია. ეს ფსევდორელიგიური სექტა ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი - ეს არის ჩვენი ტრავმა, რომელიც უნდა მოვიცილოთ. ასე რომ, ესენი არათუ ამ ფსევდორელიგიურ სექტას, არათუ საქართველოში გამარჯვების რაიმე შანსი აქვს, ესენი სერბეთშიც რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ, იმიტომ რომ არა აქვთ ეს ეროვნული ინტერესების გააზრება, არა აქვთ ეროვნული იდენტობის გააზრება და არა აქვთ ეროვნული ღირებულებების გააზრება. ასე რომ, ტყუილად ცდილობენ მოძებნონ რაღაც პარალელები და რაც შეეხება სერბეთი იქნება თუ უნგრეთი, ეს ყველაფერი ხომ ჩვენთან სცადეს?
სცადეს ჟურნალისტების რევოლუცია - ჩაეშალათ, არ გამოუვიდათ; სცადეს ენჯეოების რევოლუცია - არ გამოუვიდათ; სცადეს პარტიების რევოლუცია - არ გამოუვიდათ; ბოლოს რაღაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების და ელჩების რევოლუციას სცადეს და ესეც არ გამოუვიდათ 2024 წელს. ასე რომ, ყველაფერი ეს გამოვლილი აქვთ.
აქ საკითხი მეთოდებში კი არ არის, საკითხი არის შინაარსში - რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან. მათთვის ეს იმდენად უცხოა, რომ ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს იდენტობის მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ. და ხელოვნურად არ შეუძლიათ თქვან, რომ კომპრომისი არ იქნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და სომხეთის მაგალითებით აპელირებენ და აფხაზეთს და ცხინვალს ტრავმას უწოდებენ, რომელიც უნდა მოვიცილოთ. ასე რომ, არ არსებობს არცერთი შესაძლო ოპცია და ვარიანტი, როდესაც ამ ანტიქართულმა აგენტურულმა ძალამ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს საქართველოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.