"პოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობისას გაახმოვანეს ამ ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა, ადასტურებს ჩვენს სარჩელს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, უმრავლესობის სარჩელთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები, სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობებითაც ეხმარებიან უმრავლესობის სარჩელს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ.
"თავად ის პოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობისას გაახმოვანეს ამ ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილ;ებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არა რის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ, განსაზღვრულად უთხრეს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ა.შ. ანუ, ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. ასევე რომ, პირიქით, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად, თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში.
რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ვუყურებდით 3 დღის განმავლობაში სხდომების მსვლელობის დროს, ვნახეთ ჩვენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს გააჭიანუროს პროცესი უსაფუძვლო შუამდგომლობების წაყენებით მეორე მხრივ, მხედავთ, რომ ისინი აშკარად ცდილობენ, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, წინსწრებით, ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.
მაგრამ, მე მგონი საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. შუამდგომლობების მესამედი ადასტურებს ჩვენს სარჩელს. შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შუამდგომლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე რომ, ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.