04 ნოემბერი 2026,   09:49
ვრცლად
"მკვდრადშობილი ბიუჯეტი" - ოპოზიცია ანტიკრიზისულ საფინანსო დოკუმენტს აკრიტიკებს

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დღეიდან იწყება. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ანტიკრიზისული საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს და მის მხარდაჭერას არ აპირებენ. 

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ანტიკრიზისულ ბიუჯეტში ფულის უყაირათო ხარჯვის პრაქტიკა შენარჩუნებულია.

"ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ჩვენ ამ კრიზისამდეც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა ბიუჯეტიდან იმ უყაირათო ფლანგვით, რასაც აკეთებდა "ქართული ოცნება." სამწუხაროდ, ამ ცვლილებებში ვხედავთ აბსოლუტურად იმავე მიდგომას, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს მოიკლოს ეს ფული თვითონ, მასთან დაკავშირებულ კომპანიებს მოაკლოს ან საკუთარ პარტიულ აქტივს და, სამწუხაროდ, ამით ვერ მოხდება კრიზისიდან გამოყვანა,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ბიუჯეტს "მკვდრადშობილს" უწოდებს.

"ბიუჯეტი არის აბსოლუტურად მოურგებელი ამ კრიზისული ვითარებისადმი. გარდა ამისა, ბიუჯეტი უკვე შემოვიდა და მას უკვე შეიძლება ვუწოდოთ მკვდრადშობილი ბიუჯეტი, მინუს 4%-ზეა აგებული ეკონომიკური ვარდნა, დატოვებულია უამრავი ბიუროკრატიული, უსარგებლო ხარჯი, რომელიც იყო თავდაპირველ ბიუჯეტში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია განსაკუთრებით კრიტიკულად ბიუჯეტის იმ ნაწილს შეაფასებს, რომელიც მოქალაქეების დახმარებას ეხება. 

"განსაკუთრებით იმ ნაწილში იქნება კრიტიკული ჩვენი პოზიცია, რომელიც ეხება არამიზნობრივ ხარჯებს და, განსაკუთრებით, ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში წინა ანგარიში რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს. ახლა უკვე ვინც რჩება დახმარების გარეშე და ვერ მოხვდა ვერც ერთ ჩამონათვალში, ეს ნაწილი იქნება ყველაზე პრობლემური,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იმავე პოზიციაზეა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილიც. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მთავრობა იმ ადამიანებსაც დაეხმაროს, რომელიც დახმარების ვერცერთ პროგრამაში ვერ მოხვდა. 

"ადამიანები, რომლებმაც პანდემიამდე დაკარგეს სამუშაო ადგილი და არც პენსიონერები არიან, არც სოციალურად დაუცველები, არ იღებენ არანაირ ფინანსურ დახმარებას. ადამიანები, რომლებიც ხელშეკრულების გარეშე იყვნენ დასაქმებული და პანდემიის დროს დაკარგეს სამუშაო ადგილი და რომელთაც შესაძლებლობა არ აქვთ, რომ დაამტკიცონ, რომ ისინი იყვნენ დასაქმებული, ეს ადამიანებიც ვერ მიიღებენ დახმარებას. თუ ჩვენს ხალხს არ ექნება ფული, ჩვენ ბიზნესებს გადასახადებისგან გავათავისუფლებთ თუ არა, აზრი არ ექნება,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი გამოცხადებულ და ფაქტობრივ ბიუჯეტს შორის შეუსაბამობაზე საუბრობს.

"რეგისტრირებულს და გამოცხადებულს შორის საკმაოდ სერიოზული განსხვავებაა. თქვენ გახსოვთ, რომ 200 ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, გამოცხადებული იყო 350 000 ადამიანი და ამას სჭირდებოდა გარკვეული თანხა. დღესდღეობით, მხოლოდ 72 000 ადამიანია დარეგისტრირებული. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს და კიდევ დავაკვირდებით იმ პროგრამებს, რომელიც გამოცხადებული იყო ხელისუფლების მხრიდან და ის თანხები, რომელიც არის ბიუჯეტში ასახული ერთმანეთთან თანხვედრაში რამდენადაა,"-განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტში ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვის დასრულებას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ. COVID -19-ის გამო 14,5 მილიარდის ნაცვლად წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. პანდემიამ ეკონომიკის ზრდის ტემპიც შეაჩერა - პროექტის მიხედვით, 2020 წელი მინუს 4 %-იანი ეკონომიკის ზრდით დასრულდება. 6%-ზე მეტით პროგნოზირებენ ექსპორტის შემცირებას. 2,5-დან 8, 5 პროცენტამდე გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. შემცირებულია შემოსავლებიც - მილიარდ 800 მილიონით და ხარჯები 600 მილიონით.

დღის ამბები