"რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ მეგაშოუ "ნიჭიერის" მეორე ეპიზოდი გავიდა, რომელიც მრავალფეროვანი დასამახსოვრებელი ნომრებით იყო გამორჩეული. მაყურებელმა სცენაზე იხილა ქართველი და უცხოელი მონაწილეები. კასტინგი კი ისევ და ისევ ოქროს ღილაკებით დახუნძლული იყო.
პროექტს ორი ახალი ნახევარფინალისტი შეემატა. ჟიურის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა 8 წლის მოცეკვავემ, მილი მალაზონიამ. გოგონამ თავისი ცეკვით ემოციური ნომერი შეასრულა და აჩიკო სოლოღაშვილისგან ოქროს ღილაკიც მიიღო. მეორე ოქროს ღილაკის მფლობელები კი ოჯახური ტრიო გახდა. არანაკლებ ემოციური და შთამბეჭდავი იყო მათი გამოსვლაც. საბა ბერიაშვილი, თეკლე ქებაძე და ნუცა ქებაძე პაატა გულიაშვილის რჩეულები გახდნენ და ნახევარფინალის საგზურიც დაიმსახურეს.
სცენაზე წარსდგა ასევე პატარა ტანმოვარჯიშე, 9 წლის მარია ღლონტი, პატარა არტისტმა ჟიურისგან 5 "კი" მიიღო.
ასევე ჟიურის წევრი გოგონების უდიდესი მოწონება ამჯერად საერთაშორისო შოუების ვარსკვლავებმა, ძმებმა მესუდებმა დაიმსახურეს, რომლებმაც აკრობატული ნომერი შეასრულეს და მომდევნო ტურის საგზური მოიპოვეს.
"ნიჭიერის" სცენაზე წარსდგა ასევე ახალგაზრდა, გამორჩეული მონაწილე, ლუკა ბერაძე, ილუზიონისტი რომელმაც განსხვავებული პერფორმანსით ჟიურის წევრები ერთი მხრივ გააოცა და მოხიბლა კიდეც.
საკუთარი კუთხე ასახელა ასევე ტიკ-ტოკ ვარსკვლავმა გურამ ჭიკაძემ. მან ჟიურის წინაშე თავისი ხელით შექმნილი ცხენის კონსტრუქცია წარადგინა და პოზიტიური შესრულებით დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ბოლოს, რომ შევაჯამოთ, "ნიჭიერის" მეორე ეპიზოდი იყო ემოციურიც, მხიარულიც და რა თქმა უნდა, სანახაობრივი. მეგა შოუ "ნიჭიერი" გრძელდება წინ არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო გადაცემა გელოდებათ. ყოველ სამშაბათს, 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ აუცილებლად დაელოდეთ "რუსთავი 2"-ზე "ნიჭიერის" ახალ ეპიზოდს.