09 ნოემბერი 2026,   10:54
ვრცლად
ველოდებით, რომ კერძო კომპანიები გვერდში დაუდგებიან თავისივე დასაქმებულებს, სახელმწიფო ლიბერალურად მიუდგება საკითხს - თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თვითდასაქმებული ადამიანებიც მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას. მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ კერძო კომპანიებისგან ელოდება მათივე დასაქმებულ ადამიანებზე წვდომების გაცემას.

ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ არაფორმალურად დასაქმებული პირების საკითხში უნდა შედგეს კონსენსუსი კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და სახელმწიფო მზად არის, ლიბერალურად მიუდგეს ამ საკითხს.

მინისტრის თქმით, გარდა იმ დახმარებისა, რომელიც სახელმწიფომ კომუნალური გადასახადების დახმარების სახით შემოიღო, თვითდასაქმებულები ასევე 300 ლარიან დახმარებასაც მიიღებენ.

"ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა არის პრაქტიკულად ყოვლისმომცემი იმიტომ, რომ მასში არის ეს მთელი მიმართულება და სოლიდური რესურსი გათვალისწინებული არა მარტო ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების მიმართ დახმარება, არამედ თვითდასაქმებულების მიმართაც, რაც არც თუ ისეთი ხშირი პრეცედენტი გვაქვს ჩვენ ამისი.

დღეს იმდენად ვხედავთ ჩვენ, რომ გაუჭირდა მოსახლეობას ამ გლობალური გამოწვევების გამო და ვხედავთ აუცილებლობას გვერდში დადგომის და დახმარების, რომ არაფორმალურად დასაქმებულებიც აუცილებელი მიმღებები არიან ჩვენი დახმარების.
 
ის შეღავათი, რაც ჩვენ გავწიეთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების თვალსაზრისით ეს ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზის მოხმარება, როდესაც სახელმწიფო 3 თვეს უხდის აბონენტებს, ასევე შეეხებოდა ყველა კატეგორიის დასაქმებულს, მათ შორის თვითდასაქმებულს, ვინც კი არის აბონენტი და იხდის ელექტროენერგიას, ანუ ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს და ოჯახს შეეხებოდა. შემდეგი ნაბიჯი არის ეს 300-ლარიანი დახმარება, რომელიც არის უშუალოდ თვითდასაქმებულებზე. 

ვფიქრობ, რომ უნდა შედგეს კონსენსუსი კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო, თავის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმების სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი, რთულად აღრიცხვადი და ბოლომდე, რა თქმა უნდა, აქ ყველაფრის ადმინისტრირება ახლაც გაგვიჭირდება, მივდივართ ამ რისკზე და ჩვენ გვირჩევნია, რომ უფრო ყოვლისმომცველი იყოს ჩვენი პროგრამა და მივწვდეთ ყველა თვითდასაქმებულს, ვიდრე გავამკაცროთ  ადმინისტრირება და მხოლოდ ოფიციალური ანგარიშგებით წავიდეთ.

ველოდებით, რომ კერძო კომპანიები, ვინც ასეთ ადამიანებს ასაქმებენ, ასევე გვერდში დაუდგებიან თავისივე დასაქმებულ ადამიანებს, თუნდაც არ იყო ეს ბოლომდე გამართული ეს დასაქმება და ამ წვდომებს გასცემენ მათზე. აქ უნდა შედგეს თანამშრომლობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ლიბერალურად მივუდგეთ ამ საკითხს," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები