04 დეკემბერი 2020,   20:56
ვრცლად
საქართველოში ე.წ. ცხელების ცენტრები ამოქმედდება, სადაც სპეციალურად გადამზადებული პერსონალი იმუშავებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში იმ მოდელზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ გამოიყენებს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, უბნის ექიმთან ვიზიტები, შესაძლოა, ინფექციის გავრცელების წყარო აღმოჩნდეს, ამიტომ ქვეყანაში შეიქმნება 25 "ცხელების ცენტრი", სადაც სპეციალურად გადამზადებული პერსონალი იმუშავებს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ მოდელის მიხედვით, პაციენტი დარეკავს ცხელ ხაზზე, რომელიც დაუკავშირდება 112-ს და პაციენტს გადაამისამართებენ ე.წ. ცხელების ცენტრში, სადაც მას სპეციალურად დატრენინგებული ექიმი გამოკითხავს.

"როდესაც სიმპტომებიანი პაციენტი მიმართავს თავის უბნის ექიმს ან ოჯახის ექიმს, რომელიც არ არის მომზადებული, და იქ, ყველგან შეუძლებელია უსაფრთხოების ზომების თანაბრად დაცვა, ამ პროცესმა შეიძლება შეუწყოს ხელი ინფექციის გავრცელებას. 

საქართველომ აირჩია მოდელი, რომელიც, მგონია, რომ ყველაზე ეფექტური იქნება. იღებ საუკეთესოს ყველა ქვეყნის გამოცდილებიდან. დარჩით სახლში, სანამ გექნებათ სიმპტომები - ესაა პირველი კომპონენტი, მაგრამ თუ გაგიჩნდებათ სიმპტომები, იმისგან დამოუკიდებლად, იყავით თუ არა მოგზაურობაში ან შეხება გქონდათ თუ არა ინფიცირებულებთან, მიმართეთ ექიმს, მაგრამ არა ყველა ექიმს. არამედ, დარეკეთ 112-ში და 112 გადაგამისამართებთ. საქართველოში იქმნება 25 ე.წ. ცხელების ცენტრი, სადაც იქნებიან მომზადებული სპეციალისტები, განსხვავებით იმ ათასობით ოჯახის ექიმისაგან, რომლებიც არ არის ამისთვის მზად. ეს 25 ცხელების ცენტრი და მისი პერსონალი იქნება დატრენინგებული, სპეციალურად მომზადებული,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ მსოფლიოში არსებულ სხვა მოდელებზეც ისაუბრა.

"მსოფლიოში პირობითად შეიძლება 4 მოდელი ავირჩიოთ. პირველი - დარჩით სახლში, მაშინაც კი თუ ავად ხართ და სიმპტომები გაქვთ, ასე ხდება მთელ რიგ ქვეყნებში გერმანიაში, ესპანეთში, მხოლოდ თუ ძალიან დამძიმდება მაშინ მიმართეთ საავადმყოფოს. მეორე - რასაც ტრამპი ახმიანებს, საერთოდ დავაიგნოროთ კორონავირუსი და ამბობს, რომ შეიძლება მოუწოდოს რომ სამსახურში გავიდნენ. დარჩით სახლში სანამ სიმპტომები გექნებათ, თუ სიმპტომები გექნებათ მიმართეთ პირველადი რგოლის ექიმებს, ეს სისტემა გამოიყენა იტალიამ და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რომ დიდი გავრცელება მიიღო. საქართველომ აირჩია ძალიან კარგი ორდინალური მოდელი და იღებს საუკეთესოს ყველა მოდელიდან. დარჩით სახლში სანამ გაგიჩნდებათ სიმპტომი, სიმპტომის შემთხვევაში  მიმართეთ არა ყველა ექიმს, არამედ დარეკეთ 112 ში და გადაგამისამართებთ სად უნდა მიხვიდეთ,"- განაცხადა ტენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო და საავადმყოფო თბილისის ზღვაზე უკვე მზად არის ამ რეჟიმში სამუშაოდ.

დღის ამბები