26 ნოემბერი 2020,   20:05
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიის დღევანდელი პასუხები ცნობილია - 14 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიის მორიგი პასუხები ხვალ დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი. 14 პაციენტს, რომლის პასუხებიც უკვე არსებობს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

იმ პაციენტების მდგომარეობა კი, ვინც ახლა დაინფიცირებულები არიან დამაკმაყოფილებელია.

მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება და საზოგადოების თავშეყრის ადგილებიდან შორს ყოფნა - ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია.

იმისათვის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური იყოს, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში დაბრუნების წინ, სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებისგან თავი შეიკავონ.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კარანტინს 100-ზე მეტი ადამიანი გადის. თბილისში 3 საკარანტინო ზონაა - მათ შორის ინფექციური საავადმყოფო, სადაც ამ ეტაპზე 24 ადამიანი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. დამატებით 70-მდე ადგილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იზოლირებულ განყოფილებებში აქ ჯერჯერობით 14 პაციენტია.

33 ადამიანი კლინიკა "ვივა მედში" რჩება. დანარჩენები აბასთუმნისა და საჩხერის საკარანტინო ზონებში არიან გადანაწილებულები. ისინი მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

განსაკუთრებული კონტროლი აეროპორტებში უკვე თითქმის 3 კვირაა მოქმედებს. ამ ეტაპზე პირდაპირი რეისები ქვეყანას ჩინეთთან და ირანთან აქვს შეჩერებული.

მგზავრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მინიმალური ეჭვები არსებობს, აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ.

დღის ამბები