23 სექტემბერი 2021,   01:13
ვრცლად
"დიალოგის რესურსი არ ამოწურულა" - ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმთან შეხვედრა დასრულდა

სოფელ ერგნეთში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმთან ინციდენტთა პრევენციის რიგით მეექვსე ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა შეხვედრის შემდეგ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე აცხადებს, შეხვედრის მთავარი თემა სწორედ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მუშაობის შეფერხება იყო.

"შეხვედრის არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია. დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს,  გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მონაწილეების მხრიდან სათანადო დასკვნები გაკეთდება, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია და ეს უაღრესად აზიანებს როგორც ფორმატს, ასევე პროცესს,"- განაცხადა ანთაძემ. 

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, შეხვედრის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანასთან არსებული საგუშაგოს აღებას ითხოვდნენ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. 

"რა თქმა უნდა, ეს ცალსახად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ამას ადასტურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და კომპრომისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ხარჯზე მიუღებელია,"- განაცხადა ანთაძემ. 

დღის ამბები