წინანდალში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის თანათავმჯდომარეა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. მხარეები მსჯელობენ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ გაზრდაზე.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსპორტი და შუა დერეფნის განვითარებაა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი აცხადებს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც საქართველო უზბეკეთთან ახორციელებს.
"უზბეკეთთან ვაღრმავებთ ურთიერთობებს, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც უზბეკეთი ახორციელებს, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი შუა დერეფანში მიმდინარე პროექტებს, აქ, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია დამატებითი გამტარუნარიანობის თვალსაზრისი ჩინეთს, უზბეკეთს და ყირგიზეთს შორის არსებული თანამშრომლობა.
2030 წელს ჩაეშვება ახალი რკინიგზა, რომელიც დამატებით 15 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა, რომ მოვემსახუროთ შუა დერეფანს. ამ მიმართულებით ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.