12 ოქტომბერი 2026,   00:34
ვრცლად
ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველომ EQAR-ის რეესტრში სტატუსი დაიბრუნა

სისტემის სანდოობა, ხარისხის უზრუნველყოფა და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა - საქართველო EQAR-ის რეესტრში ბრუნდება.

გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია.

გადაწყვეტილებას წინ ენკას ექსპერტების შეფასება უძღოდა. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

სიახლის შესახებ, განათლების მინისტრმა თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებშიც ისაუბრა. გივი მიქანაძის განმარტებით, EQAR-ში (უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში) რეგისტრაციის აღდგენით, ქართული უნივერსიტეტები - ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას უფრო მეტად გააღრმავებენ. მინისტრი საუბრობს იმ სპეკულაციებზეც, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის რეესტრიდან დროებით ამოღებას მოჰყვა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეესტრში სტატუსი 2 წლის წინ შეუჩერდა. ამის შემდეგ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაშიც. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ კი საქართველომ სტატუსი დაიბრუნა, რაც, ექსპერტთა შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის შედეგია.

დღის ამბები