"ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად იზრდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ბოლო წლებია საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.
"მიმდინარეობს ბიუჯეტის მიღების პროცესი, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება. ახლა მიმდინარეობს პირველადი განხილვები, რომელიც შესაბამისი მოსაზრებებით დაუბრუნდება მთავრობას. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ბოლო პროექტი განსხვავდება-ხოლმე თავდაპირველი პროექტისგან და ამაში პარლამენტიც სრულად არის ჩართული. ასე რომ, ბიუჯეტის შექმნის მხრივ პარლამენტი არის ძალიან აქტიური მონაწილე.
ზოგადად, ახალი ბიუჯეტი გვაჩვენებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს. შემოსავლების მხრივ გადაჭარბებით სრულდება ბიუჯეტი. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც მაქსიმალურ დონეზეა დაგეგმილი.
გვამადლიან ევროკავშირიდან რაღაც გრანტებს. 2024 წელს, არჩევნებზე გავლენის მოხდენა რომ სურდათ, ვითომ დასჯის სახით, 120 მილიონი ევროს გრანტზე უარი უთხრეს [სახელმწიფოს], რომელიც ბიუჯეტში მიდიოდა. ამის შემდეგ ხუთჯერ 100 მილიონი ევროს ოდენობის მეტი, ნამატი ჰქონდა ჩვენს ბიუჯეტს. ეს აჩვენებს, რომ არანაირი ზეწოლა საქართველოზე თანხებით და ა.შ., არ ჭრის.
პირიქით, ჩვენ რომ ავირჩიეთ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, ამიტომაც არის ჩვენი ბიუჯეტი ერთის მხრივ ჯანსაღი თავისი სტრუქტურით და მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
მიმდინარე წელსაც საქართველო არის პირველ ადგილზე. უკვე მერამდენე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ევროკავშირის წევრებთან და ევროკავშირის ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით.
ახლა აგვიხსნას კაია კალასმა და მარტა კოსმა, თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, მათ რომ დავუჯეროთ, როგორ ხდება, რომ საქართველო სინამდვილეში არის ყველაზე წარმატებული.
ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სწორ პოლიტიკას, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად იზრდება, ამას გვასწავლის ჩვენ ისტორია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.