12 ოქტომბერი 2026,   16:59
ვრცლად
საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ეს არის ჭეშმარიტად ევროპული. ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, გვითხრას რა ასპექტში - შალვა პაპუაშვილი

"სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს რომ ბრიუსელისთვის დაეჯერებინა, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია და ომი იქნებოდა.

"ქალბატონმა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველო - ცოტა გაუგებარია [ეს განცხადება]. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას თუ რას უწუნებს. ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ეს ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული. ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.

რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ შეუძლია ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია - სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო. ასეც იქნებოდა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის, რომ დაგვეჯერებინა და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინისა და მოლდოვის მდგომარეობაში.

წლებია, მოლდოვაში არის ეკონომიკური სტაგნაცია და უკრაინაში კი ომი. ორივე სცენარი, ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები