26 ნოემბერი 2026,   15:24
ვრცლად
პრემიერი: 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან აუხსნელია

რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი.

"აბსურდშია შესული კონკრეტულად ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც. ძალიან მარტივი განცხადება გვაქვს გაკეთებული. თქვენ ნახეთ, რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. გახსოვთ, კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორ უხეშად და უღირსად უპირისპირდება პოლიციელს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი საერთოდ არ აქვს და ამით შეიძლება გამართლდეს მისი სამარცხვინო ძალადობრივი ქმედებები და ა.შ. ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშაულებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ.

ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ. რასაც დავპირდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველა ეს პატიმარი გათავისუფლდა. ახლა იგივე შეთავაზება არის ძალაში ნებისმიერი მოძალადე პატიმრის მიმართ, ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები