პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ქართველებმა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საარჩევნო სისტემის შექმნა დაიწყეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ბევრი სახელმწიფო და ხელისუფლება ცდილობს საქართველოსა და ქართველ ხალხს დემოკრატია ასწავლოს, მათ შორის ის ქვეყნებიც, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ჩატარების პერიოდში არც კი იცოდნენ, რა იყო არჩევნები.
"მნიშვნელოვანია ამ დღის დაწესება, განსაკუთრებით იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომელსაც ჯერ კიდევ 108 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, სწორედ ამ შენობაში, როდესაც პირველი სარჩევნო დებულება იქნა მიღებული და პირველი საარჩევნო კომისია იქნა არჩეული. სწორედ, ასეთ დღეს უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ქართველები, თუ როგორი დემოკრატიული გამოცდილება და ისტორია გვაქვს. დღეს ბევრი ქვეყანა, სახელმწიფო და ხელისუფლება ცდილობს საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია. ის ქვეყნები, რომლებმაც არჩევნები რა იყო, არც კი იცოდნენ, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები და თან ჩატარდა არჩევნები კაცების და ქალების თანაბარი საარჩევნო უფლებებით. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავიკომპლექსოთ თავი, როდესაც ახლად გამოჩენილი დემოკრატიის მასწავლებლები ცდილობენ აგვიხსნან, ქართველ ხალხს ასწავლონ, რა არის დემოკრატია. ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიცია დემოკრატიული, ის, რომ 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, პირველი რაც გააკეთეს ქართველებმა, ეს იყო, რომ დაიწყეს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, დაიწყეს საარჩევნო სისტემის შექმნა, ეს იმას აჩვენებს, რომ ეს გამოცდილებაც ასევე ილექებოდა იმ თაობაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეს გამოცდილება მოგვყვება დღემდე, ასე რომ უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.