26 ნოემბერი 2026,   14:59
ვრცლად
პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა ურთულესია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა

რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %, ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ქართულ მხარეს დიალოგში ექნება მუდმივად პრინციპული პოზიცია. მისივე განცხადებით, ასევე არის ე.წ. პოზიტიური საკითხები და ტექნიკური საკითხები.

„რაც შეეხება ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %. ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ. ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, ეს მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ ჩვენ მემკვიდრეობით, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ე.წ. აღიარება აქვს განხორციელებული, შესაბამისად სტატუს-კვო არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ბუნებრივია თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა.

ამ დიალოგში არის ერთი ეს საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც ბუნებრივია ჩვენ მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას და გვესმის, რომ აქ მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ვერ მიიღწევა - ეს ერთი. არის მეორე ე.წ. პოზიტიური საკითხები, რაზეც ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეთ, თუ დავინახავთ, რომ ამის მიზანი არ არის ოპოზიციისთვის ენერგიის მიცემა, ხელისუფლების დასუსტება - ეს მეორე და მესამე - არის ტექნიკური საკითხები, რაზეც ასევე მნიშვნელოვანია საუბარი და ამაზე გაგრძელდება დიალოგი, ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები